ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ღონისძიებები ევროპის დღეზე

ახალი ამბები

11 მაისს, 11:00-დან 20:00 საათამდე, Expo Georgia-ს მე-11 პავილიონში, იასამნისფერ სივრცეში, ევროპის დღესთან დაკავშირებით ილიაუნი გამართავს შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებებს.


  • ფაბლაბ ილიაუნი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია

ფაბლაბ ილიაუნი  სტუდენტებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აძლევს შესაძლებლობას, ინოვაციური იდეები რეალობად აქციონ კვალიფიციური პერსონალისა და თანამედროვე დანადგარების დახმარებით.

ლაბორატორიის მიზანია ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა, ამიტომ მოსწავლეებს, სტუდენტებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს სთავაზობს ტრენინგკურსებს, ინოვაციურ პროექტებს, აქსელერაციის პროგრამებს.

ფაბლაბის სივრცე გააერთიანებს  საინჟინრო და  ელექტრონულ საგანმანათლებლო აქტივობებს, ვორკშოპებს, STEAM მიმართულების ლოგიკურ თამაშებს და ა.შ., რომლებშიც მონაწილეობას შეძლებენ როგორც მოსწავლეები, ისე სტუდენტები.

გამოფენაზე მოსულ სტუმრებს ცენტრის სივრცეში დახვდებათ:

ფაბლაბ ილიაუნისა და ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი“ საინფორმაციო კუთხე. სტუმრებს საშუალება ექნებათ, მეტი გაიგონ ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ, დეტალურად გაეცნონ სხვადასხვა თემატიკის სერვისებს, როგორებიცაა: ტრენინგკურსები, პროექტები, ჰაკათონები და ა.შ., დაათვალიერონ ფაბლაბის დანადგარებით შექმნილი საგამოფენო ნივთები; გაეცნონ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის არსს, როგორ შეიძლება ჩაერთონ პროექტში და ა.შ.;

ვირტუალური რეალობის კუთხე დაინტერესებული სტუმრები შეძლებენ  ოკულუსის მეშვეობით დაათვალიერონ ვირტუალური რეალობის აპლიკაციები და გაეცნონ მისი გამოყენების პრინციპებს;

3D პრინტინგისა და სკანერის კუთხე – სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ 3D მოდელირების პრინციპებს და 3D პრინტერზე დაბეჭდონ სხვადასხვა ნივთი, 3D სკანერზე დაასკანერონ სასურველი ობიექტები;

ელექტროინჟინერიისა და ინჟინერიის კუთხე – სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ საინჟინრო ელექტრონულ კომპონენტებს, ჩაერთონ პრაქტიკულ სამუშაოებში, მაგ. ელექტრონული წრედების შექმნის პროცესში და ა.შ.; დაათვალიერონ  რობოტების გამოფენა, საინჟინრო პროექტები:  Smart city, ქარის წისქვილი, რობოტი ხელი, საწერი რობოტი; გაეცნონ ინჟინერიის მიმართულებებს, თავად მართონ და დააპროგრამონ Arduino-ის ბაზაზე აწყობილი რობოტები;

STEAM თამაშების კუთხე სტუმრებს შეუძლიათ თავი გამოცადონ, ითამაშონ სხვადასხვა ლოგიკური, ინტერაქციული და საგანმანათლებლო STEAM მიმართულების თამაში;


  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა

ილიაუნის დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა „მედიცინა“ შემუშავებულია საქართველოს მედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის გათვალისწინებით და სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) სამედიცინო განათლების სტანდარტებზე დაყრდნობით.

ილიაუნის სტენდზე მედიცინის პროგრამა წარმოდგენილი იქნება  საგანმანათლებლო-შემეცნებითი აქტივობით – პირველადი დახმარება ERC-ის სტანდარტებით.

European resuscitation council ევროპაში აკრედიტებული სტანდარტიზებული ორგანიზაციაა, რომელიც უზრუნველყოფს პირველადი დახმარების სწავლებისა და გამოყენების უწყვეტ განვითარებას ევროპის მასშტაბით. ილიაუნის ბაზაზე არსებული კლინიკური უნარების ცენტრი, როგორც ამ ორგანიზაციის მომავალი წარმომადგენელი საქართველოში, მსურველებს დახვდება:

პირველადი დახმარების დემო-ტრენინგით დაინტერესებულთ ექნებათ საშუალება,  ისწავლონ პირველადი დახმარების საფუძვლები, სცადონ და გაივარჯიშონ გულ-ფილტვის რეანიმაცია მანეკენებზე. გაიგონ, რას წარმოადგენს გარე ავტომატური დეფიბრილატორი (გად)და გაერკვიონ მის გამოყენებაში. დემო-ტრენინგი ჩატარდება ევროპაში მიღებული სტანდარტებით.

საგანმანათლებლო პლაკატი – დაინტერესებული პირები გაეცნობიან ინფორმაციას პირველადი დახმარების ცოდნისა და გამოყენების საჭიროების შესახებ.  

სხვა სახის პირველადი დახმარება – მსურველებს შეუძლიათ გაეცნონ ინფორმაციას სხვადასხვა სახის First Aid გართულებების მართვისა და პრაქტიკაში გამოყენების შესახებ. ვიზიტორები გაეცნობიან სხეულის სხვადასხვა ნაწილის გადახვევის ტექნიკასაც.

ჯანდაცვის სფეროსთან დაკავშირებული ინფორმაცია:

მრავალპროფილური კლინიკების წყობა – დამსწრეთ შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ კლინიკების ზოგად წყობას, სხვადასხვა განყოფილების ფუნქციასა და საჭიროებას. ასევე ბანერითა და მოკლე ახსნით ზოგადსაგანმანათლებლო მიზნით გაეცნობიან პაციენტის გზას კლინიკაში შესვლიდან გაწერამდე.

კომუნიკაცია – ვიზიტორები გაეცნობიან ექიმების პაციენტთან ურთიერთობის სპეციფიკას, ასევე ექიმისთვის საჭირო ზუსტი ინფორმაციის გაცემის მნიშვნელობას.


  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS

Science on Stage – „მეცნიერება მთავარ როლში“ საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა ქსელია, რომელშიც 30 ქვეყანაზე მეტია გაერთიანებული. მისი დევიზია „მასწავლებლები მასწავლებლებისთვის“. საქართველოში Science on Stage-ის ოფიციალური წარმომადგენელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS.

ილიაუნის სტენდზე წარმოდგენილი იქნება Science on Stage-ის ფარგლებში SALiS ქსელის წევრი მასწავლებლების მიერ მოსწავლეებთან ერთად STEAM მიმართულებით მომზადებული პროექტები.

„მომავლის სკოლა“

პროექტი  ეხმიანება მდგრადი განვითარების შემდეგ მიზნებს: IV – ხარისხიანი განათლება, IX – მრეწველობა და ინოვაციური ინფრასტრუქტურა, XII – მდგრადი მოხმარება და წარმოება, XIII – კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებები;  პროექტის ფარგლებში გაერთიანდა ბიოლოგია და სტემი.

მე-8, მე-9 და მე-11 კლასების მოსწავლეებმა განახორციელეს მწვანე სახურავის სარგებლიანობის კვლევა ურბანული სითბოს კუნძულის შემცირებისა და გარემოში წყლის ბალანსის შენარჩუნების პროცესში და ამ პროექტით წარმოაჩინეს მომავლის სკოლა მწვანე სახურავით, მორწყვის თანამედროვე სისტემით, პანდუსით, განათებით, ჭკვიანი, მოღიმარი ნაგვის ურნებით, ის დაფუძნებული იყო კვლევაზე და ეხმიანებოდა მდგრადი განვითარების მიზნებს, პროექტი მოითხოვდა მინიმალურ დანახარჯებს.

პროექტი  „მცენარე vs პლასტმასა“

პროექტი ეხმიანება მდგრადი განვითარების მიზნებს:  XII - მდგრადი მოხმარება და წარმოება, XIII – კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებები; პროექტების მონაწილე  მე-8 კლასელებმა გამოიკვლიეს მცენარის როლი კლიმატის ცვლილების პროცესში,ასევე გამოიკვლიეს:

  • რა გავლენას ახდენს პლასტმასის ნამწვის გამონაბოლქვი მცენარის ზრდა-განვითარებაზე;
  • როგორ უმკლავდება მცენარე პლასტმასის წვის შედეგად გამოყოფილ გამონაბოლქვს;
  • როგორ ზეგავლენას ახდენს პლასტმასის წვის შედეგად გამოყოფილი გამონაბოლქვი ჰაერის ტემპერატურასა და ტენიანობაზე.

პროექტი განხორციელდა სასკოლო ლაბორატორიაში მინიმალური დანახარჯებით. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ პლასტიკატის წვის შედეგად წარმოქმნილი გამონაბოლქვი უარყოფითად მოქმედებს მცენარეზე, იწვევს ტემპერატურისა და ტენიანობის ცვლილებას გარემოში, მჟავიანობის მომატებას, ამავდროულად მცენარე შთანთქავს მავნე აირებს და გარკვეული დროის შემდეგ არეგულირებს ტემპერატურას გარემოში, რითაც ხელს უშლის სათბური აირების დაგროვებას.

მოსწავლეები წარმოადგენენ მომავლის სკოლის მოდელს მწვანე სახურავით, ასევე  პროექტის ფარგლებში შექმნილ ჭკვიან ნაგვის ურნას, გარე განათებას, ელექტროპანდუსს, სარწყავ სისტემას, ჭკვიან შუქნიშანსა და წამმზომს.

პროექტის მონაწილე მოსწავლეებმა შექმნეს მოდელები, რომელთა საშუალებით გამოიკვლიეს პლასტმასის წვის შედეგად გამოყოფილი გამონაბოლქვის ზეგავლენა მცენარეზე და დაადგინეს მცენარის როლი კლიმატის ცვლილების პროცესში.

ბიოლოგიის მასწავლებელი თამარ ტურაშვილი, სერვანტესის სახელობის გიმნაზია AIA

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს მომავლის სკოლის მოდელი მწვანე სახურავით, მორწყვის სისტემით, პანდუსით, ჭკვიანი ურნებით, რომლებიც უპასუხებს თანამედროვე გამოწვევებს, გამოიკვლიეს მწვანე სახურავის სარგებლიანობა ურბანული სითბოს კუნძულის შემცირების პროცესში.

მასწავლებლები – თამარ ტურაშვილი (ბიოლოგია), ნინო აბესაძე (ფიზიკა) სერვანტესის სახელობის გიმნაზია AIA GESS

პროექტი დარგე ემოცია

პროექტი ითვალისწინებს მეცხრეკლასელების მიერ       მეშვიდეკლასელებისთვის ქაღალდის გადამუშავების /ბარათების დამზადების ვორშკოპის ჩატარებას, მეორადი ქოთნების დამზადებას, ბარათების დარგვას, რომლებშიც მცენარის თესლია, თესლის გაღვივების პროცესზე დაკვირვებასა და კვლევის ანგარიშის ფორმის შევსებას; სამაგიდო თამაშის  „ვიკვლევთ ერთად“ შექმნას.

პროექტი ხელს უწყობს მოსწავლეებში მდგრადი განვითარების მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას და კვლევაზე დაფუძნებული სწავლების დანერგვას.

ბიოლოგიის მასწავლებელი ნინო ფსუტური, სსიპ ქ. გორის N8 საჯარო სკოლა

პროექტი „მძივები და ღილები რძიდან“

პროექტი ითვალისწინებს რძისგან ბიოპლასტმასის მიღებას, რომელსაც გამოიყენებენ  მძივებისა და ღილების დასამზადებლად. რძისაგან მიღებული ბიოპოლიმერი ჩაანაცვლებს პლასტმასის ნივთებს, რომლებიც იწვევს ალერგიას, ძალიან დიდხანს რჩება გარემოში და არ იშლება.

ქიმიის მასწავლებელი ქეთევან ედიბერიძე, სკოლა „ანაბასისი“, ზესტაფონი

პროექტი „არა პოლიეთილენს!“

პროექტი ითვალისწინებს სახამებლისგან შესაფუთი მასალის, ბიოპლასტმასის, დამზადებას, რომელიც იქნება პოლიეთილენისაგან დამზადებული შესაფუთი მასალის ეკოლოგიურად უსაფრთხო ჩამნაცვლებელი.

ქიმიის მასწავლებელი ქეთევან ედიბერიძე, სკოლა „ანაბასისი“, ზესტაფონი

პროექტი ,,პიგმენტები ფერწერისათვის ნორჩი მკვლევრებისაგან!“

პროექტი ითვალისწინებს ქიმიური ექსპერიმენტების შედეგებით ფერწერული ნამუშევრების შექმნას.

ქიმიის მასწავლებელი ქეთევან ედიბერიძე, სკოლა „ანაბასისი“, ზესტაფონი

პროექტი C ვიტამინის შემცველობის განსაზღვრა სხვადასხვა ხილსა და წვენში

პროექტი ითვალისწინებს C ვიტამინის შემცველობის გაზომვას ფორთოხლის, ლიმონის, მანდარინის ახლად გამოწურულ და ქარხნულად დამზადებულ წვენებში; დაკვირვებას C ვიტამინის შემცველობის ცვლილებაზე დროში; მიღებული შედეგების შედარებასა და გაანალიზებას.

ქიმიის მასწავლებელი – მაკა მაკარიძე, სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფ.ტინისხიდის საჯარო სკოლა

პროექტი „წყლით სავსე ჭიქის საიდუმლოებანი"

პროექტში ნაჩვენებია, როგორაა შესაძლებელი ჩვეულებრივი წყლით ობიექტის გამოსახულების შეცვლა ისე, რომ ის დიზაინის ობიექტად იქცეს.

ფიზიკის მასწავლებელი ინესა ბეჟანოვა, შპს „ქართული სასწავლებელი – თბილისი"

პროექტი „წყლის დინების სადემონსტრაციო ხელსაწყო“

პროექტში ნაჩვენებია ხელსაწყო, რომელის მოქმედებაში მოყვანითაც წყალი ქვემოდან ზემოთ ,„თავისთავად“ მიედინება.

შესაძლებელია განისაზღვროს ამ მექანიზმის მარგი ქმედების კოეფიციენტი.

ფიზიკის მასწავლებელი ვაჟა ტეტუნაშვილი, წალკის მუნიციპალიტეტი, სოფ. იმერისა და სოფ.ბარეთის საჯარო სკოლები, გორის რაიონის სოფ. პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლა  


  • საზოგადოებრივი უსაფრთხოების და მისი მდგრადობის მართვის უზრუნველყოფის ქსელი REACT

პროექტი ხორციელდება NATO SPS-ის (მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის) პროგრამის ფარგლებში.

პროექტის საერთო სტრატეგიული მიზანია ნატოს წევრებსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის უსაფრთხოების გაზრდა ინტერაქტიური, ინტელექტუალური, მრავალენოვანი, მრავალმხრივი და რეალურ დროში მოქმედი პლატფორმის (სახელწოდებით REACT) მეშვეობით.

პლატფორმაზე იმუშავებს გარემოს ფიზიკურ-ქიმიური უსაფრთხოებისა და ინფორმირების ქსელი; მისი მიზანია ტერორისტული თავდასხმის დროს ან სხვა შემთხვევაში დროულად ამოიცნოს გარემოს დაბინძურების საფრთხე, შესაძლო დამაბინძურებელი ქიმიური და ბიოლოგიური აგენტები და შექმნას მათი განეიტრალების პროტოკოლები.

პროექტის კოორდინატორია ვენეციის უნივერსიტეტი.

პროექტის ფარგლებში თბილისის 4 სხვადასხვა ადგილზე დამონტაჟდა ჰაერის დამაბინძურებელი ქიმიური აგენტებისა და მათი თანმხლები მეტეოროლოგიური პარამეტრების  საზომი სენსორები.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალურ მონიტორზე წარმოდგენილი იქნება ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები თბილისის 4 სხვადასხვა ადგილიდან.

პროექტის წარმომადგენლები სტუმრებს აუხსნიან პროექტის მნიშვნელობას, საჭიროებასა და აპარატურის ფუნქციონირების სისტემას.


  • კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირების (CABOL) პროექტი

კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირების (CaBOL) პროექტი, რომელიც ილიაუნის კოორდინირებითა და გერმანიის განათლებისა და კვლევების სამინისტროს დაფინანსებით საქართველოს, სომხეთისა და გერმანიის შვიდი კვლევითი დაწესებულების მონაწილეობით მიმდინარეობდა,  წელს დასკვნით ფაზას უახლოვდება.

პროექტის მიზანი 3 წლის განმავლობაში 50 000 განსხვავებული სახეობის ცხოველისა და მცენარის გენეტიკური აღწერა და კავკასიის მრავალფეროვნების გენეტიკური ბიბლიოთეკის შექმნა იყო.

პროექტის მსვლელობისას - 2020 წლიდან დღემდე CaBOL-ის მკვლევრებმა შეძლეს ათასობით მცენარისა თუ ცხოველის ორგანიზმიდან დნმ-ის გამოყოფა, მათი სახეობის დონეზე იდენტიფიცირება და შექმნეს გენეტიკური ბიბლიოთეკა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტენდზე პროექტ „ქაბოლის“ წარმომადგენლები  სტუმრებს დაახვედრებენ მინილაბორატორიას, სადაც ისინი დაათვალიერებენ  უხერხემლოების სამყაროს, თავად დაახარისხებენ სინჯს და გაეცნობიან მონაცემთა ბაზირების საწყისებს;

შეუძლებენ ჰერბარიუმის დამზადებაში მონაწილეობას;

ლაბორატორიული სამუშაოების გარდა გაეცნობიან საინტერესო ფაქტებს იმ ორგანიზმების შესახებ, რომლებიც დედამიწის უმრავლესობას წარმოადგენენ.


  • ილიაუნის პლანეტარიუმი

ილიაუნის პლანეტარიუმში მოისმენთ საინტერესო ვიდეოლექციებს და ჩვენი მკვლევრები გაგაცნობენ  ინფორმაციას სამყაროს წარმოშობის, ასევე მზის სისტემის ობიექტების ბუნების შესახებ (პლანეტები, ასტეროიდები, კომეტები, მზე); დიდი და მცირე ვარსკვლავების დაბადებასა და ევოლუციის გზას, ვარსკვლავების მტვრის ღრუბლების მნიშვნელობას; გაიგებთ გალაქტიკის მახასიათებლების შესახებ; გაეცნობით გალაქტიკათშორის სივრცესა და სამყაროს სტრუქტურას.

პლანეტარიუმის მუშაობის განრიგი:

  • 11:00 -13:00 საათი
  • 13:00 -14:00 საათი - შესვენება
  • 14:00 -15:00 საათი
  • 15:00 -17:00 - შესვენება
  • 17:00 -18:00 საათი
  • 18:00 -19:00 საათი - შესვენება
  • 19:00 - 20:00 საათი

ევროპის დღე ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებით 1964 წლიდან აღინიშნება. ეს მშვიდობის, ერთიანობის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ეკონომიკური განვითარების აღნიშვნის დღეა მთელ ევროპაში. ევროინტეგრაციის ერთ-ერთ ძირითადი უპირატესობა განათლების დონის ამაღლება და მისი დასავლურ სტანდარტებთან დაახლოებაა.

გვეწვიეთ  იასამნისფერ სივრცეში.

აღნიშნეთ ევროპის დღე ჩვენთან ერთად!

2024

ბანერები